"საჩემპიონო ბრძოლა კვლავ გაჩაღდა, მაგრამ ფავორიტი მაინც სიტია", - კარაგერი ლივერპულის შანსებს აფასებს
"ლივერპულის" ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერი პრემიერ ლიგის საჩემპიონო ბრძოლაში ფავორიტად "მანჩესტერ სიტის" მიიჩნევს, მიუხედავად "ტოტენჰემთან" (2:3) განცდილი გუშინდელი მარცხისა.
"კვლავ "მანჩესტერ სიტის" ვთვლი ფავორიტად, რადგან "ლივერპულს" მასთან სტუმრად აქვს სათამაშო. გარდა ამისა, ჩემი აზრით, "ლივერპულს" უფრო რთული გრაფიკი აქვს".
"მაინც ვიტყვი, რომ ყველაფერი "სიტის" ხელშია. ისეთი დონის გუნდსაც კი, როგორიც "ლივერპულია", "ეტიჰადზე" გამარჯვება გაუჭირდება. ჩემპიონობისთვის ბრძოლა ისევ გაჩაღდა, რაც არა მხოლოდ "ლივერპულის" ფანებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვისაც შესანიშნავია".
"ექვსი კვირის წინ ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდით, ასე რომ დაე ბრძოლა გაგრძელდეს", - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports-ი.
ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ლიდერი ამჟამად "მანჩესტერ სიტია", რომლის აქტივშიც 63 ქულაა, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ "ლივერპულს" 57 ქულა აქვს, თუმცა "ქალაქელებზე" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.