იუვენტუსმა დიბალას პირობა წაუყენა და ახალ კონტრაქტს მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაუფორმებს
"იუვენტუსი" გუნდის თავდამსხმელს, პაულო დიბალას კონტრაქტს იმ შემთხვევაში გაუხანგრძლივებს, თუ მისი აგენტი კომპენსაციაზე უარს იტყვის.
"ბებერი ქალბატონი" 28 წლის არგენტინელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას კვირის ბოლოს აპირებს, როცა ფეხბურთელის წარმომადგენელი ტურინში ჩავა.
აქამდე, "იუვე" დიბალას წლიური ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს სთავაზობდა + 2 მილიონს ბონუსების სახით. შემდეგ მხარეებს შორის დაძაბულობა გაჩნდა და "ბიანკონერიმ" ეს წინადადება გააუქმა.
ისიც დაიწერა, რომ კლუბს პაულოსთვის ხელფასის შემცირება უნდა, რომლის მოქმედი კონტრაქტიც 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და ამჟამად წელიწადში 7 მილიონს გამოიმუშავებს.
ახლა კი "ბებერი ქალბატონი" მზად არის დიბალას ისეთივე პირობები შესთავაზოს, რასაც შემოდგომაზე სთავაზზობდა: 8 მილიონი ევრო + 2-3 მლნ ბონუსების სახით.
თუმცა, როგორც Calciomercato იტყობინება, არსებობს მნიშვნელოვანი პირობა - თავდამსხმელის აგენტმა, ხორხე ანტუნმა უარი უნდა თქვას მის მიერ მოთხოვნილი საკომისიოს მნიშვნელოვან ნაწილზე.
მიმდინარე სეზონში დიბალამ ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.