ავტორიზაცია

დიბალამ იუვენტუსიდან წასვლა გადაწყვიტა და სასურველი კლუბიც შეარჩია — Diario Sport

დიბალამ იუვენტუსიდან წასვლა გადაწყვიტა და სასურველი კლუბიც შეარჩია — Diario Sport
თარიღი 22 Feb 2022, 23:31

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, პაულო დიბალა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სხვა კლუბში გადავიდეს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, არგენტინელით, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება, "ბარსელონა", "ტოტენჰემი" და "ინტერი" ინტერესდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის შემტევს "ბარსაში" გადასვლა უნდა. პაულოს ლა ლიგაში თამაში სურს, მაგრამ პრემიერ ლიგიდანაც აქვს წინადადება. "ბლაუგრანაში" ზუსტად იციან, თუ რა სურს დიბალას და ესმით, როგორ უნდა გაჩარხონ მისი ტრანსფერი.

"ბარსელონა" დიბალას პირველად არ დაკავშირებია, მაგრამ მისი მიწვევის ვარიანტს სერიოზულად არასდროს განიხილავდა, რადგან პაულოს ლიონელ მესის გვერდით თამაში უჭირს. გარდა ამისა, "იუვეში" ფორვარდი წლიურად 13 მილიონ ევროს გამოიმუშავებს (გადასახადების გადახდამდე) და ეს თანხა "ბლაუგრანასთვის" ზედმეტად ბევრია.

ახლა კი, როცა "იუვენტუსმა" დიბალას ამჟამინდელთან შედარებით ბევრად დაბალი ხელფასი შესთავაზა, ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ ტურინში მისი დრო დასასრულს მიუახლოვდა. პაულოს სამუშაო ადგილის შეცვლა უნდა, რათა განვითარება განაგრძოს, როგორც ფეხბურთელმა და ტიტულები მოიგოს.

დიბალამ "ტოტენჰემისგანაც" მიიღო წინადადება. "დეზების" სპორტული დირექტორი, ფაბიო პარატიჩი მას "იუვენტუსში" მოღვაწეობიდან კარგად იცნობს და მის ნიჭს ძალიან აფასებს. როგორც ინგლისურ კლუბში ფიქრობენ, არგენტინელის შესაძლო დამატება შესანიშნავი სატრანსფერო შესაძლებლობაა. ფეხბურთელს ლონდონიდან უკვე დაუკავშირდნენ.

აღსანიშნავია, რომ "ინტერიც" იჩენს დიბალასადმი ინტერესს, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.