ჰოლანდის მაგიდაზე 5 გრანდის შეთავაზება უკვე დევს, ფავორიტი გამოკვეთილია
"დორტმუნდის" თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს მაგიდაზე ევროპული ტოპ კლუბებისგან ერთდროულად ხუთი წინადადება უდევს.
პარასკევს, ანუ ხვალ, ბორუსიელთა ფორვარდი თავის აგენტ მინო რაიოლას შეხვდება და საკუთარ მომავალს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ "დორტმუნდი" ევროპა ლიგას გამოეთიშება.
ასე და ამგვარად, 21 წლის ნორვეგიელს შეთავაზებით შემდეგმა კლუბებმა მიმართეს: "მანჩესტერ სიტი", "რეალი", "ბარსელონა", "ბაიერნი" და "პსჟ".
თავის მხრივ, ბორუსიელები ერლინგს კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობენ, თანაც საკმაოდ მიმზიდველი პირობებით, თუმცა თავად ფეხბურთელი ამ ვარიანტს არც კი განიხილავს.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Cadena SER-ი იტყობინება, ჰოლანდისთვის ბრძოლაში ამჟამად ფავორიტი "სიტია", თუმცა "რეალს" სურს, რომ ფორვარდი ბორუსიაში კიდევ ერთი წლით დარჩენაში დაარწმუნოს, რათა შემდეგ მისი ხელში ჩაგდება ფინანსურად უფრო გაუადვილდეს.
მოგეხსენებათ, "დორტმუნდი" ევროპა ლიგის საპასუხო 1/16 ფინალური შეხვედრის ეგიდით "რეინჯერსს" დღეს დაუპირისპირდება. პირველ მატჩში გერმანული კლუბი შინაურ კედლებში ანგარიშით 2:4 დამარცხდა.