ავტორიზაცია

ჰოლანდის ტრანსფერის გადადებით რონალდინიოს შემთხვევა განმეორდება - ესპანური პრესა რეალს აფრთხილებს

ჰოლანდის ტრანსფერის გადადებით რონალდინიოს შემთხვევა განმეორდება - ესპანური პრესა რეალს აფრთხილებს
თარიღი 23 Feb 2022, 14:25

როგორც პრესაში იწერება, მადრიდის „რეალს“ სურს, რომ ერლინგ ჰოლანდი 2023 წლის ზაფხულამდე დორტმუნდის „ბორუსიაში“ დარჩეს, შემდეგ კი მათთან გადავიდეს.

გუნდის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ეს იდეალურ სცენარად ესახება - ამ ზაფხულს გუნდი კილიან მბაპეს დამატებას აპირებს, მომავალ წელს კი, როცა კარიმ ბენზემას კონტრაქტი ამოეწურება - ერლინგ ჰოლანდის.

თუმცა, ესპანური გამოცემა AS მადრიდელებს აფრთხილებს, რომ მსგავსი რამ „რეალს“ უკვე ერთხელ ცუდად შემოუტრიალდა - 2003-ში მადრიდელებმა რონალდინიოს პრაქტიკულად შეთანხმებული ტრანსფერის ერთი წლით გადადება გადაწყვიტეს, რითაც „ბარსელონამ“ ისარგებლა და მომავალი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თავისთან წაიყვანა.

არ არის გამორიცხული, მოვლენები ჰოლანდის შემთხვევაშიც ასე დატრიალდეს, რამეთუ ნორვეგიელის შეძენით მადრიდელების გარდა იგივე „ბარსელონა“ ინტერესდება, ისევე როგორც „მან სიტი“ და სხვა ევროპული გრანდები.