ავტორიზაცია

"არ მინდა, საშუალო დონის ფეხბურთელად იქცეს", - ჩელსის ექს-მცველმა რონალდუს კარიერის დასრულება ურჩია

"არ მინდა, საშუალო დონის ფეხბურთელად იქცეს", - ჩელსის ექს-მცველმა რონალდუს კარიერის დასრულება ურჩია
თარიღი 26 თებ 2022, 11:59

"ჩელსისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი, ფრანკ ლებეფი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ კარიერის დასრულებაზე უნდა დაფიქრდეს.

"იცით რა? ვფიქრობ, მოვა დრო, როცა უნდა დაფიქრდე: "რას ვაკეთებ ჩემს ცხოვრებასთან და კარიერასთან დაკავშირებით?" და ალბათ, დროა, კრიშტიანუ რონალდუმ იფიქროს და ისაუბროს საკუთარ თავთან, ანდაც ოჯახის რომელიმე წევრთან, რათა გაიგოს, რისი გაკეთება უღირს კარიერის ბოლოს, აქვს თუ არა მის კარიერას მომავალი".

"არ მინდა, რონალდუს ვუყურო და სინანული ვიგრძნო, რადგან ამდენი წელი მწვერვალზე იყო. არ მინდა, საშუალო დონის ფეხბურთელად იქცეს. წლების მანძილზე გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ".

"ვისურვებდი, კარიერა პიკზე მყოფმა დაასრულოს ნაცვლად იმისა, რომ კიდევ 2-3 წელი სცადოს თამაში და არ იყოს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც აქამდე იყო", - თქვა ლებეფმა ESPN-თან ინტერვიუში.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირზე ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით 29 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასიც მიითვალა.