ტუხელი: "ჩელსის სიტუაცია იმდენად გაურკვეველია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებასაც კი არ აქვს აზრი"
"ჩელსის" მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს უკრაინაში არსებული ვითარების ფონზე ლონდონური კლუბის მიმართ არსებული კრიტიკის ესმის.
"ისე არ უნდა მოვიქცეთ, თითქოს არანაირი პრობლემა არ არსებობს. ყველასათვის საშინელი სიტუაციაა. მსგავსს არავინ ელოდა, არარეალურად მოსჩანს. ეს გონებას გვირევს, ინგლისის ლიგის თასის ფინალის წინ სიხარულის საშუალებას არ გვაძლევს".
"ამას უდიდესი გაურკვევლობა მოაქვს განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩვენზე მეტად არის ჩართული. რა თქმა უნდა, მათ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ".
"მიუხედავად ამისა, ჩვენს კლუბთან დაკავშირებული სიტუაცია იმდენად გაურკვეველია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებასაც კი არ აქვს აზრი. ვიცით ეს ყველაფერი, რაიმე ინსაიდერული ინფორმაცია არ გვაქვს, როგორც თქვენ ფიქრობთ".
"ჩემი აზრით, გუნდებსა და მწვრთნელებს უფლება აქვთ პოლიტიკაში არ ჩაეფლონ და სპორტზე გაამახვილონ ყურადღება. არა იმიტომ, რომ ვიმალებით. სიტუაცია ნათელია, საშინელია, ეჭვგარეშე".
"მესმის "ჩელსისა" და იმ ადამიანების მიმართ არსებული კრიტიკის, რომლებიც ამ კლუბს წარმოადგენენ. ამ ყველაფერს ბოლომდე ვერ ავარიდებთ თავს".
"თუმცა, შესაძლოა, ხალხმა მე, როგორც მწვრთნელს და ფეხბურთელებს, როგორც მოთამაშეებს, გაგვიგოს - არ ვიცით, რა ხდება და რამდენად არის ჩართული ამ ყველაფერში მფლობელი (რომან აბრამოვიჩი)".
"ვერ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ხდება. საშინელებაა, ამაში ეჭვი არ მეპარება, ევროპაში ომი ჩემთვის მიუღებელია. მოდით, მოვიცადოთ", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports-ი.