ავტორიზაცია

"საშინელებაა, ასე არ უნდა ხდებოდეს", - რუსმა კომენტატორმა პოლონეთის ნაკრების გადაწყვეტილება დაგმო

"საშინელებაა, ასე არ უნდა ხდებოდეს", - რუსმა კომენტატორმა პოლონეთის ნაკრების გადაწყვეტილება დაგმო
თარიღი 26 თებ 2022, 17:04

Матч ТВ-ის კომენტატორმა, დმიტრი გუბერნიევმა პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელების გადაწყვეტილება დაგმო, რომლებსაც რუსეთთან შეხვედრაში მონაწილეობის მიღება არ სურთ.

მოგეხსენებათ, აქამდე, პოლონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა, სეზარ კულეშამაც დაადასტურა, რომ ეროვნულმა გუნდმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი ოფში რუსებთან მატჩის ჩატარებაზე უარი განაცხადა.

"სამწუხარო სიახლეა, მათთან თამაში ძალიან გვინდოდა. ვფიქრობ, ჩვენი ნაკრები ამ მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია".

"სამწუხაროდ, პოლიტიკა სპორტში იჭრება. საშინელებაა, ასე არ უნდა ხდებოდეს. ვერაფერს ვიზამთ. ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ და გვჯეროდეს, რომ ყველაფერი დალაგდება", - განაცხადა რუსმა კომენტატორმა.

მოგეხსენებათ, რუსეთმა უკრაინას 24 თებერვალს ომი ოფიციალურად გამოუცხადა და უკვე მესამე დღეა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

მსოფლიოს ყველაზე დიდმა სახელმწიფომ უკრაინის თითქმის ყველა დიდ ქალაქს შეუტია და დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობს.

აქვე შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიის 20% სწორედ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.