"ვერ შემოგვიერთდება, სანამ ეს სიგიჟე გრძელდება", - რუსეთთან თამაშზე უარს კიდევ ერთი ნაკრები აცხადებს
შვედეთის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფში რუსეთის წინააღმდეგ არ ითამაშებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალური საიტის მეშვეობით ავრცელებს.
თუ რუსეთსა და შვედეთს ერთმანეთთან შეხვედრა მოუწევთ, შვედები ამ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ, მიუხედავად დაპირისპირების ჩატარების ადგილისა.
გარდა ამისა, შვედეთის ფედერაციამ ფიფას მოუწოდა, რუსეთის მონაწილეობით მარტში გასამართი საფლეიოფო მატჩები გააუქმოს.
"ძნელი დასაჯერებელია, რომ ფიფა ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. რუსეთი ვერ შემოგვიერთდება, სანამ ეს სიგიჟე გრძელდება", - თქვა შვედეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, კარლ-ერიკ ნილსონმა.
შვედეთის ფეხბურთის ფედერაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მორალური და უსაფრთხოების მიზეზების გამო იქნა მიღებული - შვედები რუსეთთან მატჩებში უსაფრთხოებაში დარწმუნებულები არ არიან, მათ შორის არც ნეიტრალურ მოედანზე.
მოგეხსენებათ, აქამდე, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფში რუსეთთან დაპირისპირებაზე უარი პოლონეთმაც თქვა.