ავტორიზაცია

"ამის შესახებ პირველად მესმის", - ლევანდოვსკიმ მის მომავალზე ბაიერნის დირექტორის განცხადებას უპასუხა

"ამის შესახებ პირველად მესმის", - ლევანდოვსკიმ მის მომავალზე ბაიერნის დირექტორის განცხადებას უპასუხა
თარიღი 27 Feb 2022, 15:55

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ კლუბს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება ჯერ არ უცდია.

ცნობისთვის, 33 წლის პოლონელ სუპერვარსკვლავს მიუნხენურ გრანდთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მოგეხსენებათ, ბუნდესლიგის 24-ე ტურში "აინტრახტთან" (1:0) გამართული მატჩის წინ, "რეკორდმაისტერის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა გუნდის საუკეთესო ბომბარდირთან თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

– მზად ხართ თუ არა, რომ ზაფხულში 50 მილიონ ევროდ გაყიდოთ?

"არა, ლევა ჩვენი გუნდის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ის კვლავ მზადაა გოლებით გაგვიხსნას გზა ტიტულებისკენ, ამიტომაც ამ ვარიანტს არ განვიხილავთ".

"რა თქმა უნდა, კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - თქვა მენეჯერმა Sky Sport Deutschland-ის ეთერში.

"ამის შესახებ პირველად მესმის. მშვიდად ვარ, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემს თამაშზე კონცენტრირება. ვიცი, როგორ არის ეს ყველაფერი მოწყობილი. ყოველთვის მზად ვარ განვიხილო სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მორიგი მატჩია", - თქვა ლევანდოვსკიმ მატჩის შემდეგ.

როგორც გამოცემა Bild-ის ჟურნალისტი, ტობი ალტშაფლი იტყობინება, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ნამდვილად არ ყოფილა, ამ საკითხზე შეხვედრები ჯერ არ იგეგმება.