Bild: ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჰოლანდისთვის ბრძოლაში რეალს მანჩესტერ სიტი სჯობნის
"დორტმუნდის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება, 21 წლის ნორვეგიელისთვის ბრძოლაში ფავორიტი "მანჩესტერ სიტია", რომელიც "რეალს" სჯობნის.
გავრცელებული ინფორმაციით, არსებულ ვითარებაზე გავლენას რამდენიმე ასპექტი ახდენს.
პირველ რიგში, "სამეფო კლუბის" ფორვარდ კარიმ ბენზემას კონტრაქტი 2023 წლის ივნისამდე მოქმედებს და მომდევნო სეზონსაც მადრიდში გაატარებს. ამის გამო, "ბლანკოსის" ჰოლანდის ტრანსფერის გადადება მომდევნო წლის ზაფხულამდე სურს, მაგრამ ნორვეგიელი "დორტმუნდში" კიდევ ერთი წლით დარჩენას არ აპირებს.
მეორე, "მანჩესტერ სიტის" ფინანსური პრობლემები არ აქვს და ამ ტრანსფერის გაჩარხვა შეუძლია. "ქალაქელებს" დიდი ხნის მანძილზე "ტოტენჰემის" ფორვარდ ჰარი კეინის ხელში ჩაგდება სურდათ, მაგრამ ლონდონელებმა თავიანთი ლიდერი არ გაუშვეს. ახლა კი "სიტის" მის მიმართ ინტერესი გაუქრა.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა ყველა ტურნირზე ერთად "დორტმუნდის" მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.