ფიფას ყოფილი პრეზიდენტი: "ახლა პუტინი არ არის ის ადამიანი, რომელიც მე გავიცანი"
ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა, იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე აზრი შეეცვალა.
85 წლის შვეიცარიელის თქმით, მას შემდეგ, რაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება რუსეთს მიენიჭა, პუტინთან "მეგობრული და გულითადი ურთიერთობა" ჩამოუყალიბდა.
"თუ ამჟამინდელ სიტუაციას შევხედავთ, აგრეთვე პუტინს, რომელიც ტელევიზიით გამოდის, ახლა ის ადამიანი არ არის, ვინც მე გავიცანი".
"რაც შეეხება ტურნირებიდან რუსული გუნდების მოკვეთას, სპორტი სამართლიანია - თავდაპირველად გაჩენილი მცირე ეჭვების შემდეგ - თანმიმდევრული რეაგირება მოახდინა და რუსეთს წითელი ბარათი უჩვენა. აგრეთვე, მოხარული ვარ, რომ შვეიცარიამაც მკაფიო სიგნალი მისცა".
"მინდა ჩემი სოლიდარობა და თანაგრძნობა გამოვხატო უკრაინელი ხალხისა და მათი მამაცი მებრძოლების მიმართ", - ციტირებს ბლატერის სიტყვებს Blick-ი.