ავტორიზაცია

ესპანურ მედიაში გასაჯაროვდა იმ კონტრაქტის დეტალები, რომელსაც ბარსელონა ჰოლანდს სთავაზობს

ესპანურ მედიაში გასაჯაროვდა იმ კონტრაქტის დეტალები, რომელსაც ბარსელონა ჰოლანდს სთავაზობს
თარიღი 03 Mar 2022, 23:41

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდებას გეგმავს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" თავად ნორვეგიელთანაც გამართეს მოლაპარაკებები და მის აგენტ მინო რაიოლასთანაც.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა რაიოლას კლუბის ერთ-ერთ ხელმძღვანელ ხორდი კრუიფთან ერთად მონაკოში შეხვდა. კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, ხავი კი მიუნხენში ჩაფრინდა, სადაც თავად 21 წლის სუპერვარსკვლავთან გამართა შეხვედრა.

ლაპორტამ რაიოლას ფეხბურთელისთვის გამზადებული 5-წლიანი კონტრაქტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ჰოლანდი საერთო ჯამში 195 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. 20 მილიონს პირველ სეზონში, მომდევნო სეზონებში კი ყოველ წინა სეზონზე 10 მილიონით მეტს. ბოლო სეზონში ერლინგი 55 მილიონს მიიღებს. რაიოლამ ცხადყო, რომ უპირატესობას "3+2" სქემიან ხელშეკრულებას ანიჭებს.

შეგახსენებთ, ჰოლანდს "დორტმუნდთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პუნქტი, რომლის თანახმადაც მომავალ ზაფხულს ნებისმიერ მსურველ კლუბს მისი შეძენა 75 მილიონის სანაცვლოდ შეეძლება.