"უახლოეს დღეებში დიბალას აგენტებს შევხვდებით", - იუვენტუსის სპორტული დირექტორი
"იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა, ფედერიკო ჩერუბინიმ გუნდის თავდამსხმელის, პაულო დიბალას კონტრაქტის საკითხზე ისაუბრა.
"ბებერი ქალბატონის" ფუნქციონერის განცხადებით, ტურინული გრანდი არგენტინელთან უახლოეს დღეებში მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავს.
"უახლოეს დღეებში პაულოს აგენტებს შევხვდებით და კონტრაქტთან დაკავშირებულ საკითხს განვიხილავთ. ყველა იმ ფეხბურთელს შევხვდებით, რომელსაც ივნისში ხელშეკრულება ეწურება", - ციტირებს ჩერუბინის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, 28 წლის სამხრეთამერიკელი სუპერვარსკვლავი "იუვენტუსის" ღირსებას 2015 წლის ივლისიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.
მიმდინარე სეზონში დიბალამ ყველა ტურნირზე ერთად "ბებერი ქალბატონის" მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.