"ყელში ამომივიდა, დავიღალე", - უეფას პრეზიდენტი რეალს, ბარსასა და იუვეს ტურნირებიდან მოკვეთით დაემუქრა
უეფას პრეიზდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა ევროპის საფეხბურთო სუპერლიგის შექმნის იდეაზე მორიგი განცხადება გააკეთა.
"სუპერლიგაზე საუბარი ფეხბურთზე საუბარი არ არის. ყელში ამომივიდა. როცა ვერთიანდებით და ერთად ვმუშაობთ, ამ იდეით მოდიან. ეს უბრალოდ სისულელეა".
"მომბეზრდა, დავიღალე იმ პროექტზე საუბრით, რომელიც ფეხბურთთან კავშირში საერთოდ არ არის. ამ კლუბებს შეუძლიათ თავიანთ ტურნირზე ითამაშონ, მაგრამ თუ ამას გააკეთებენ, ჩვენს ტურნირებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას", - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს Cadena Cope.
აქამდე, 2 იანვარს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "რეალს", "ბარსელონასა" და "იუვენტუსს" 2022 წელს სუპერლიგის პროექტის განახლება სურთ.
შეგახსენებთ, 2021 წლის 19 აპრილს, ევროპის 12 კლუბმა სუპერლიგის შექმნა გამოაცხადა. გულშემატკივართა პროტესტისა და უეფას მხრიდან შესაძლო სანქციების გამო, პროექტი შეჩერდა.