"წარმოუდგენელია, როგორ წავაგეთ ყველა ორთაბრძოლა" - ცხადაძე დინამო ბათუმთან მარცხის შემდეგ
ეროვნული ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ მატჩში ბათუმის დინამომ თბილისის დინამო საკუთარ მოედანზე 3-0 უშანსოდ დაამარცხა.
მატჩის შემდეგ დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე გუნდის თამაშით იმედგაცრუებას ვერ მალავდა.
"დინამო ბათუმს დამსახურებულ გამარჯვებას მივულოცავ. პირველ ტაიმში ჩვენი თამაში აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა იმ გუნდს, რაც გვყავს და რომელსაც დიდი მიზნები აქვს. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, ამიტომ ზოგიერთი ჯერ კიდევ პირველი მატჩის ეიფორიაში იყო. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის ის იყო, რომ პირველ ნახევარში მეტოქემ პრაქტიკულად ყველა ორთაბრძოლა მოგვიგო. ცენტრში თითქმის ყველა მეორე ბურთი წავაგეთ და ამიტომ ვეღარ ამოვედით.
პირველი ტაიმი კატასტროფულად ცუდი იყო. ჩვენს გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ დამეწრუნეთ, რომ პერსპექტივაში ბევრი სამუშაო გვაქვს და, რა თქმა უნდა, ბევრი შეგვიძლია. სწორი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ეს მხოლოდ მეორე ტური იყო, ყველაფერი წინ არის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთელები ჩვენთან ერთად ამას კარგად გაიაზრებენ და გააანალიზებენ," - განაცხადა კახა ცხადაძემ.
მომდევნო მატჩს თბილისის დინამო 9 მარტს საკუთარ მოედანზე სიონის წინააღმდეგ გამართავს.