ავტორიზაცია

მანჩესტერმა რამდენიმე სპეციალისტთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და მთავარი კანდიდატიც გამოიკვეთა

მანჩესტერმა რამდენიმე სპეციალისტთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და მთავარი კანდიდატიც გამოიკვეთა
თარიღი 06 მარ 2022, 16:29

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია, რის შესახებაც აქამდე უკვე არაერთხელ დაიწერა.

ახლა კი, როგორც The Athletic-ი იტყობინება, ინგლისურმა კლუბმა ორ სპეციალისტთან მოლაპარაკებები უკვე გამართა - საუბარია მაურისიო პოჩეტინოსა ("პსჟ") და ერიკ ტენ ჰაგზე ("აიაქსი"). გარდა ამისა, "ეშმაკუნებს" სხვა მენეჯერებთანაც აქვთ კონტაქტი.

"ემიუს" წარმომადგენლები სხვადასხვა კანდიდატს შეხვდნენ და გადაწყვეტილების მიღება უახლოეს კვირებში სურთ. კლუბი ზაფხულამდე ლოდინს არ აპირებს და უნდა, რომ გუნდმა წინასასეზონო მზადება ახალ მწვრთნელთან ერთად გაიაროს.

არსებული ინფორმაციით, მანიკუნიანელები საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე გააგრძელებენ სხვადასხვა ვარიანტის განხილვას. კლუბთან დაახლოებული არაერთი წყაროს ცნობით, "იუნაიტედის" მთავარი სამიზნე პოჩეტინოა. მანჩესტერელთა ლეგენდარულ მწვრთნელს, ალექს ფერგიუსონს უკვე დიდი ხანია არგენტინელი ძალიან ესიმპათიურება და ამ საკითხზე შოტლანდიელის აზრი კლუბის ბოსებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

პოჩეტინოს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლამდე აკავშირებს. მის ხელში ჩასაგდებად "ემიუს" მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდა მოუწევს. ამ მხრივ ტენ ჰაგის კანდიდატურა უფრო ხელსაყრელია, რომლის ხელშეკრულებაშიც შედარებით დაბალი საკომპენსაციო პუნქტია გათვალისწინებული. "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ბენფიკას" უპირისპირდება. მომდევნო ეტაპზე ამსტერდამელთა გასვლა/ვერგასვლამ შეიძლება "იუნაიტედის" გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს.

აღნიშნულია, რომ არ არის გამორიცხული "ემიუს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რალფ რანგნიკის დარჩენაც, რაც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა შედეგებს დააფიქსირებს გუნდი ამ სეზონში. გერმანელს კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და ამის შემდეგ კლუბში საკონსულტაციო როლი ექნება. თუ "ემიუ" უახლოეს სამ თვეში კარგ შედეგებს დააფიქსირებს, ეს რანგნიკის პოზიციებს გაამყარებს.