"ჩემპიონთა ლიგის ტიტულს პრემიერ ლიგის მოგება მირჩევნია", - დე ბრუინმა მიზეზიც ახსნა
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას პრემიერ ლიგის ტიტული ურჩევნია.
"თუ არჩევანის გაკეთება მიწევს, პრემიერ ლიგა მირჩევნია. ფეხბურთელის სტაბილურობის მაჩვენებელია და იმის, თუ რას აკეთებდი მთელი სეზონის მანძილზე".
"ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ გარკვეულ მომენტებში უნდა იყო მზად. ჩემპიონატთან შედარებით, სადაც მეტი მატჩია, ჩემპიონთა ლიგა ლატარიას ჰგავს".
"რა არის მემკვიდრეობა? ჩემი პირადი მიღწევები ბევრად დიდი იქნებოდა, გასულ წელს ჩემპიონთა ლიგა რომ მოგვეგო? ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, არა. არსებობენ ფეხბურთის ლეგენდები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა არ მოუგიათ. კარიერის ბოლოს არ ვინანებ, რაღაცას თუ ვერ მივაღწიე".
"ვიცი, ბევრი მოგება გინდათ, მაგრამ თუ ერთი ტიტულით მეტი აქვს, ეს შენს მთელ კარიერას არ განსაზღვრავს. როცა სპორტსმენი ხარ, თითოეულ მარცხს მტკივნეულად გადაიტან, თუმცა, ჩემი აზრით, ზოგჯერ ასეთი მომენტების გავლა სასარგებლოა".
"შეუძლებელია იცხოვრო ისე, რომ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად იყოს. შეუძლებელია", - ციტირებს 30 წლის ბელგიელის სიტყვებს Daily Mail-ი.
ცნობისთვის, დე ბრუინს "სიტისთან" ერთად პრემიერ ლიგა 3-ჯერ აქვს მოგებული. 2020/21 წლების სეზონში იგი "ქალაქელებთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "ჩელსისთან" (0:1) დამარცხდა.