5-წლიანი კონტრაქტი და 7,5-მილიონიანი ხელფასი — დიბალას სერიოზული მსურველი ჰყავს
"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა ტურინული გრანდი დატოვოს.
როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, არგენტინელის ხელში ჩაგდებით მილანის "ინტერია" დაინტერესებული.
გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში "ნერაძურის" გენერალური დირექტორი, ბეპე მაროტა 28 წლის შემტევის აგენტს შეხვდება. აღნიშნული შეხვედრა იქამდე შედგება, სანამ დიბალას წარმომადგენელსა და "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობას შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გაიმართება.
"ინტერი" მზად არის სამხრეთამერიკელ სუპერვარსკვლავს 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, სეზონში 7,5 მილიონ ევროიანი ხელფასით. თავის მხრივ, ამ ეტაპზე, "იუვენტუსი" დიბალას 3-წლიან ხელშეკრულებასა და სეზონში 7-მილიონიან ანაზღაურებას ჰპირდება. სავარაუდოდ, დიბალას აგენტთან შეხვედრაზე, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება, ტურინელები სწორედ ასეთ პროექტს წარადგენენ.
აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში "იუვე" დიბალას თანამშრომლობის 2026 წლამდე გაგრძელებასა და სეზონში 8+2 მილიონ ევროიან ხელფასზე შეუთანხმდა, მაგრამ შემდეგ კლუბმა ამ წინადადებაზე უარი თქვა. თავიდან "ინტერი" კონკურენციის გაწევისთვის მზად არ იყო, თუმცა ახლა ბრძოლა შეუძლია.
ცნობისთვის, არგენტინელს "ბიანკონერისთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
მიმდინარე სეზონში დიბალამ ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.