"მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია", - სქოულზმა მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლ სქოულზმა "მანჩესტერ სიტის" ერთ-ერთ ლიდერს, კევინ დე ბრუინს პრემიერ ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი უწოდა.
მოგეხსენებათ, ბელგიელმა პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მანჩესტერულ დერბიში (4:1) დუბლი გაიფორმა და შედეგიანი პასიც გააკეთა.
"პრემიერ ლიგის საუკეთესო ნახევარმცველია. და შესაძლოა, მსოფლიოშიც საუკეთესო", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს Daily Post-ი.
"მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ნორმალურია, როცა გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ბრწყინვალე გადაცემებს აკეთებენ და ბურთს კარგად ფლობენ".
"თუმცა, ეს ბიჭი გოლებს იტანს, საგოლე მომენტებს ქმნის, დაცვაში დგას, მისი გადაცემები წარმოუდგენელია".
"აბსოლუტურად ყველაფერი აქვს, რაც უმაღლესი დონის ნახევარმცველისგანაა საჭირო".
"მისი შეჩერება რთულია. ყოველ ჯერზე, როცა ბურთს იღებს, საგოლე გადაცემის გაკეთებაზე ან გოლის გატანაზე ფიქრობს", - დასძინა სქოულზმა.