"ჩაკვეტაძე ჩუმი და თავმდაბალი ბიჭია, რომელიც გუნდს შესანიშნავად შეეწყო", - ჰამბურგის დირექტორი
"ჰამბურგის" სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ მუტცელმა ისაუბრა გუნდის შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ. შეგახსენებთ, ქართველი "როტოზენში" იჯარით თამაშობს.
"პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ ჩაკვეტაძის გამო ბედნიერი ვარ. ვიცოდით, რომ მას გენტში რთული პერიოდი ჰქონდა და აშკარა იყო, რომ თავიდანვე ძირითადში მოხვედრას ვერ მოახერხებდა.
ამის საჭიროებაც არ არსებობდა. იმის გათვალისწინებით, რომ გიორგიმ ვალტერისგან და სამწვრთნელო შტაბისგან დიდი ცოდნა მიიღო, მან ბოლო შეხვედრაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა თავისი ადგილი იპოვა. ის ჩუმი და თავმდაბალი ბიჭია, რომელიც ჰამბურგს შესანიშნავად შეეწყო. სპორტულ მხარეს რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამთამაშებელი აუცილებლად მოუმატებს", - განაცხადა გერმანელმა.