ავტორიზაცია

პოჩეტინო: "დონარუმაზე აშკარად ჯარიმა იყო და დაუჯერებელია, რომ VAR-მა ამ ეპიზოდს არ გადახედა"

პოჩეტინო: "დონარუმაზე აშკარად ჯარიმა იყო და დაუჯერებელია, რომ VAR-მა ამ ეპიზოდს არ გადახედა"
თარიღი 10 Mar 2022, 12:41

"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" (1:3) გამართული საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის მსაჯების მუშაობა შეაფასა.

მოგეხსენებათ, 61-ე წუთზე, კარიმ ბენზემამ ჯანლუიჯი დონარუმა მიაპრესინგა, შეცდომა დააშვებინა და ბურთი ვინისიუსს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა ფრანგ თავდამსხმელს გაუკეთა გადაცემა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, დანი მაკელიმ ჩათვალა, რომ ბენზემას ამ ეპიზოდში თამაშის წესი არ დაურღვევია და გოლი ჩათვალა.

"როცა ასეთ გოლს უშვებ, თამაში იცვლება, როგორც განწყობა სტადიონზე. გულშემატკივრებმა თავიანთი გუნდი წინ წაიყვანეს, ყველაფერი შეიცვალა".

"დაუჯერებელია, VAR-მა დონარუმაზე თამაშის წესის დარღვევის ეპიზოდს არ გადახედა. ბენზემას მხრიდან ეს აშკარა ჯარიმა იყო, ჩემი აზრით. ყველა გამეორებიდან ჩანს, რომ ჯარიმაა. არ მესმის, რატომ არ მიმართეს VAR-ს".

"ამ 10 წუთმა გადაწყვიტა დაპირისპირების ბედი. ორივე თამაშში საუკეთესო გუნდი ვიყავით. ფეხბურთში შექმნილი მომენტები უნდა გამოიყენო, ჩვენ კი ცოტა ჩავფლავდით. ამის ახსნა რთულია", - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს RMC Sport-ი.