ჩელსი პრაქტიკულად ჩამოშლის პირასაა — Nike ლონდონელებთან 900-მილიონიან კონტრაქტს წყვეტს

ლონდონის "ჩელსიმ" შესაძლოა კიდევ ერთი სპონსორი დაკარგოს, იტყობინება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი.
ასე და ამგვარად, "არისტოკრატებთან" თანამშრომლობაზე უარის თქმაზე ამერიკული კომპანია Nike-იც ფიქრობს, რომელიც ამჟამად კლუბის ტექნიკური სპონსორია.
"ჩელსიმ" და Nike-მა 2016 წელს 15 წელზე გათვლილი 900 მილიონ ფუნტიანი კონტრაქტი გააფორმეს. თუ კომპანია თანამშრომლობაზე უარს იტყვის, მაშინ ლონდონელები 540 მილიონს დაკარგავენ.
მოგეხსენებათ, 10 მარტს, დიდმა ბრიტანეთმა "არისტოკრატების" მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა და რუსი ბიზნესმენის აქტივები გაყინა, მათ შორის საფეხბურთო კლუბიცაა.
გუნდის სატიტულო სპონსორმა - სატელეკომუნიკაციო კომპანია Three-მ - "ჩელსისთან" ხელშეკრულება უკვე გაწყვიტა. თანამშრომლობის შეწყვეტაზე ფიქრობს Hyundai-ც, რომელთან გაფორმებული გარიგების მიხედვითაც კლუბი წელიწადში 10 მილიონ ფუნტს იღებს.