Daily Mail: ჰოლანდმა ახალ კლუბთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ტრანსფერი 100 მლნ ევრო დაჯდება
როგორც ცნობილი ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი გერმანულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, "დორტმუნდის" თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა "მანჩესტერ სიტისთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა.
გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავი "ქალაქელებს" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.
ჰოლანდის სანაცვლოდ "სიტი" 63 მილიონ ფუნტს გადაიხდის. კონტრაქტის გაფორმებისთვის გადასახდელი ბონუსისა და იმ საკომისიოს ჩათვლით, რომელსაც ჰოლანდის აგენტი, მინო რაიოლა ითხოვს, მანჩესტერელები საერთო ჯამში დაახლოებით 100 მილიონს დახარჯავენ.
ასე და ამგვარად, ერლინგისთვის ბრძოლაში "სიტი" მადრიდის "რეალს", კატალონიის "ბარსელონასა" და "პარი სენ ჟერმენს" სჯობნის.
ჰოლანდის "ეტიჰადზე" გადაბარგებას ხელი შესაძლოა იმანაც შეუწყოს, რომ მამამისი, ალფ-ინგე ჰოლანდი თავის დროზე "სიტის" რიგებში 3 წელიწადი ასპარეზობდა.