ავტორიზაცია

"გული მწყდება, ასე რომ ხდება" - დინამო თბილისის მცველის ძალიან ემოციური პოსტი

"გული მწყდება, ასე რომ ხდება" - დინამო თბილისის მცველის ძალიან ემოციური პოსტი
თარიღი 14 მარ 2022, 14:51

დინამო თბილისის და საქართველოს ნაკრების 19 წლის მცველმა საბა ხვადაგიანმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

როგორც ახალგაზრდა მცველი წერს, ძალიან უჭირს მშობელთან დისტანცირებული ყოფნა და იმედოვნებს, რომ მას მალე შეხვდება.

"როცა 3 წლის ვიყავი, დედაჩემი საბერძნეთში წავიდა იმისთვის, რომ ფინანსურად მყარად ვყოფილიყავით. მიატოვა თავისი პროფესია, ოჯახი, ნორმალურად რომ გვეცხოვრა და არაფერი მოგვკლებოდა.

ის რომ არ ყოფილიყო, ფეხბურთს ვერ ვითამაშებდი. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, ბავშვობიდანვე ჩემთვის არაფერი მოუკლია: ბუცი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ სხვა რამ. მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა: კარგად რომ ვყოფილიყავი. ძალიან უჭირდა დედას საბერძნეთში ცხოვრება და ახლაც ძალიან უჭირს. ძალიან მწყდება გული ასე რომ ხდება, დედა პირველად 17 წლის ასაკში ვნახე. წარმოუდგენელი განცდა იყო, დედასთან შეხვედრა 14 წლის შემდეგ. ეს ყველაფერი 1 თვე გაგრძელდა.

ყოველდღე, როცა ვიძინებ, თამაშზე გავდივარ, ან ვლოცულობ დედაჩემი მახსენდება და ვნერვიულობ, როგორ არის, რას აკეთებს, რას ჭამს, რამე ხომ არ უნდა. იმედია, დავუფასებ ამ ყველაფერს, რაც ჩემთვის გააკეთა. შენნაირ ძლიერ ადამიანს არ ვიცნობ. დე, ყველაფერზე მეტად მიყვარხარ და მენატრები. იმედია, ერთ დღეს ერთად ვიცხოვრებთ დედა!,"
- წერს საბა ხვადაგიანი.

შეგახსენებთ, რომ საბა ხვადაგიანი პირველად ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის სექტემბერში გამოიძახეს და ბულგარეთთან(4-1) წაგებულ მატჩში სადებიუტო შეხვედრაც ჰქონდა.