ავტორიზაცია

ალეგრი: "რეალისტები უნდა ვიყოთ, ამჟამად ევროპაში იუვენტუსზე უკეთესი 10 გუნდია"

ალეგრი: "რეალისტები უნდა ვიყოთ, ამჟამად ევროპაში იუვენტუსზე უკეთესი 10 გუნდია"
თარიღი 18 Mar 2022, 19:26

"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგაზე "ვილიარეალთან" განცდილ მარცხზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, ტურინულმა გრანდმა "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" საპასუხო 1/8 ფინალური მატჩი შინაურ კედლებში გამართა, ანგარიშით 0:3 განადგურდა და ტურნირს გამოეთიშა. პირველი დაპირისპირება ფრედ დასრულდა - 1:1.

– არსებობს სეზონის გადარჩენის შესაძლებლობა? "იუვენტუსი" ჩაფლავდა?

"თუ საკუთარი თავის მოტყუებისთვის მზად ხარ, შეგიძლია ასე იფიქრო, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. გესმით?".

"ვიცოდი, რომ გავარდნის შემთხვევაში ყველა ჩაფლავებაზე ილაპარაკებდა, მაგრამ ეს სიცრუეა. ვიცი გუნდის ფასი. უკვე ორი თვეა ერთი და იგივე მოთამაშეებს ვიყენებთ, ჩემპიონატში ოთხეულისთვის ვიბრძვით და იტალიის თასზე ვასპარეზობთ. ბიჭებს ვერაფერს დავაბრალებ. ექსტრაორდინალურ რაღაცებს აკეთებენ".

"სეზონი გრძელდება, გვაქვს მიზნები, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ. იმედგაცრუებულები ვართ და თამაშს შევაფასებთ, რათა უკეთესები გავხდეთ. ამას ყოველ წელს ვაკეთებთ. და კიდევ, რეალისტები უნდა ვიყოთ. ევროპაში "იუვენტუსზე" ძლიერი 10 გუნდია. ეს სირცხვილი არ არის, ფაქტია".

"დიახ, უფრო შორს უნდა გაგვეღწია, მაგრამ იოლი მატჩი არ ყოფილა. ახლა ლაპარაკი უსარგებლოა, უნდა გავჩუმდეთ, სერია ა-სა და იტალიის თასზე ვიყოთ კონცენტრირებულები. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა შინ თასის მოგებას", - ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.