ავტორიზაცია

ტჩუამენის ხელში ჩაგდება ევროპის 4 წამყვან სურს, მონაკომ საწყისი ფასი დაასახელა

ტჩუამენის ხელში ჩაგდება ევროპის 4 წამყვან სურს, მონაკომ საწყისი ფასი დაასახელა
თარიღი 22 მარ 2022, 02:56

"მონაკოს" ნახევარმცველი, ორელიენ ტჩუამენი არაერთი ევროპული ტოპ კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, 22 წლის ფეხბურთელისადმი ყურადღებას "რეალი", "პსჟ", "ლივერპული" და "ჩელსი" იჩენენ.

ამ შემთხვევაში, "პსჟ"-ს პოზიციები არცთუ ისე ძლიერია, რადგან უცნობია, თუ რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას: პარიზული კლუბიდან შესაძლოა სპორტული დირექტორი, ლეონარდო წავიდეს. "ლივერპული" "მონაკოს" ნახევარმცველში ჯორდან ჰენდერსონისა და ჯეიმს მილნერის პოტენციურ შემცვლელს ხედავს. ტჩუამენისთვის ბრძოლაში "ჩელსის" პოზიციებზე სერიოზულ გავლენას ახდენს კლუბის ირგვლივ სანქციების გამო შექმნილი გაურკვევლობა.

რაც შეეხება "რეალს", შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლაში ფავორიტი სწორედ "სამეფო კლუბია" - MARCA-ს ცნობით, მადრიდელებმა ორელიენთან პირადი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმეს კიდეც, თუმცა ბოლომდე ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

მინიმალური თანხა, რომელსაც "მონაკო" თავის ფეხბურთელში ითხოვს, 50 მილიონი ევროა. როგორც აღინიშნება, მიღებული ფულის 20%-ს "ბორდო" მიიღებს, სადაც ტჩუამენი მონაკოელთა რიგებში გადაბარგებამდე თამაშობდა.

მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.