ოფიციალურად: დიბალა ზაფხულში იუვენტუსს უფასოდ დატოვებს
"იუვენტუსის" გენერალურმა დირექტორმა, მაურისიო არივაბენემ თავდამსხმელ პაულო დიბალას წასვლის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.
"იუვენტუსმა" პაულო დიბალას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა. ვლაჰოვიჩის მოსვლასთან ერთად შეიცვალა ტექნიკური ასპექტი, გუნდი, პროექტი. ამ ცვლილებების ნაწილი დიბალას კონტრაქტსაც ეხება, რომელიც დღეს არ გახანგრძლივდა".
"დღევანდელი შეხვედრა მეგობრეული, ძალიან პატივსაცემი იყო. პაულოსთვის ხელფასის შემცირება გვიწევდა და ასეთი წინადადების გაკეთება "იუვენტუსისთვის" ადვილი არ ყოფილა. ჩვენთან 7 წელი გაატარა, მას პატივს ვცემთ".
"გადაწყვეტილება მიღებულია, ამაზე ბევრი ვიფიქრეთ, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა: "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა კლუბის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებებს და არა მის საწინააღმდეგოდ".
"იანვარში განხორციელებული ტრანსფერების, ვლაჰოვიჩის მოსვლის შემდეგ, პაულოს მდგომარეობა ცენტრალური აღარ გახლდათ. ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები? არა, სხვა მიზეზებს ჰქონდა ადგილი. არავინ აყენებს ეჭვქვეშ პაულოს ოსტატობას და ტექნიკას. მიდიოდა განხილვები კონტრაქტის ხანგრძლივობასა და ეკონომიკურ კომპონენტზე. გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ", - ციტირებს არივაბენეს სიტყვებს იტალიელი ჟურნალისტი, ალფრედო პედულა.
ასე და ამგვარად, 28 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტურინულ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.