"ნეიმარმა ვარჯიშზე ხელი საბოლოოდ აიღო და ხშირად ბაზაზე ნასვამ მდგომარეობაში მიდის", - ჟურნალისტი
როგორც ჩანს, „პსჟ-ს“ ბრაზილიელ ვარსკვლავს დისციპლინასთან პრობლემები აქვს.
როგორც RMC Sport-ის ჟურნალისტი დანიელე რიოლო იტყობინება, ნეიმარმა ვარჯიშზე პრაქტიკულად ხელი აიღო და გუნდის შეკრებებზე თითქმის მთვრალი მიდის ხოლმე.
ამ საქციელებით ბრაზილიელი ძალიან აბრაზებს „პსჟ-ს“ ქომაგებს, რომლებმაც ნეიმარს, ლეო მესისთან ერთად, „რეალთან“ გავარდნის შემდეგ გამაყრუებელი სტვენა მოუწყვეს. პარიზელი ულტრასები ამტკიცებენ, რომ ნეიმარი მათი გუნდის იმიჯს დიდ ზიანს აყენებს და მისი გუნდიდან გაშვება ყველაფრის ფასად უნდა მოხერხდეს.
„პსჟ - კლუბიც კი აღარ არის. არანაირი დამაკავშირებელი ძაფი არ არსებობს, მწვრთნელი აღარ არსებობს, პრეზიდენტს სიტყვა არ უთქვამს. ასეთი კატასტროფის შემდეგ კი მკაცრი დალაპარაკება იყო საჭირო. არადა - არაფერი!
არც ლეონარდოს უთქვამს რაიმე, არც ნასერ ალ-ხელაიფის, ეს ტოტალური მარცხია.“ - აღნიშნა რიოლომ.