"სკამზე აზარი, ბეილი, იოვიჩი და ისკო ზიან, ცვლილებაზე პირველი კი მარიანო გამოდის?", - გუტიმ რეალში სიტუაცია გააკრიტიკა
მადრიდის „რეალის" ექს-ფეხბურთელმა, გუტი ერნანდესმა, „სამეფო კლუბში" არსებული მდგომარეობა გააკრიტიკა.
"არ შეიძლება, რომ რეალი 12-13 ფეხბურთელისგან შედგებოდეს. ეს დიდი კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგის და სამეფო თასისთვის იბრძვის და დაუშვებელია, რომ მხოლოდ 14 ფეხბურთელი ჰყავდეს. რა ხდება საერთოდ? ვისაც მადრიდში თამაში არ უნდა, იქ არც უნდა იმყოფებოდეს, მგონი მარტივია, უბრალოდ თქვას, რომ არ უნდა აქ ყოფნა.
კლუბმა ან კარლო ანჩელოტიმ ამ ფეხბურთელს უნდა უთხრან, გავიდეს პრესკონფერენციაზე და თქვას, რომ რეალში თამაში აღარ უნდა. კლუბი ფულს გიხდის... როგორ თუ თამაშს არ აპირებ? წელიწადში ერთხელაც რომ გათამაშონ, უნდა გახვიდე და მოედანზე ყველაფერი დატოვო.
როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს? მე ვარ კარლო ანჩელოტი, ვუყურებ სათადარიგოთა სკამს, სადაც ზიან აზარი, იოვიჩი, ბეილი, ისკო... და თქვენ მეუბნებით, რომ ვერცერთს ვერ გამოვიყენებ? რა ხდება კლუბში საერთოდ? ჩემთვის ეს გაუგებარია.
ბარსელონასთან მატჩს ვუყურებ, ვხედავ რეალის სკამს და შემდეგ, პირველი ცვლილებაზე მარიანო დიასი გამოდის... რანაირად? როცა გუნდში ბეილი და აზარი არიან, როგორ შეიძლება შეტევას მარიანო აძლიერებდეს, რომელსაც წელს თითქმის არც უთამაშია?
აქ რაღაც ისეთი ხდება, რაც ასეთ დიდ კლუბში არ უნდა ხდებოდეს.
და ჩვენ კიდევ ეჭვი გვეპარება, ღირს თუ არა ჰოლანდის შეძენა? ჰოლანდიც უნდა მოვიდეს, მბაპეც და კიდევ 4-5 ფეხბურთელი, ვისაც რეალში თამაში ნამდვილად ენდომება.
ვინისიუსი? ზოგჯერ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უფრო მსაჯის მუშაობა და მეტოქეებთან კამათი ადარდებს, ვიდრე საკუთარი თამაში.“ - აღნიშნა ინტერვიუში ესპანელმა.