"მბაპეს ალ-ხელაიფისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს", - Foot Mercato ესპანური გამოცემის ინფორმაციას უარყოფს
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს მომავალი კვლავ გაურკვეველია.
23 წლის ფრანგს, რომელსაც პარიზულ კლუბთან თანამშრომლობის ვადა ზაფხულში ეწურება, "რეალთან" კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია.
მიუხედავად ამისა, მადრიდული გრანდი მბაპეს ხელში ჩაგდებაში დარწმუნებულია.
რამდენიმე დღის წინ, ესპანურმა გამოცემა El Confidencial-მა დაწერა, რომ ახალგაზრდა სუპერვარსკვლავი "პსჟ"-ში არსებული ტოქსიკური ატმოსფეროთი დაიღალა, პარიზელთა პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისთან კი ურთიერთობა ძალიან გაუცივდა.
ფრანგული Foot Mercato ამ ცნობებს უარყოფს და როგორც იტყობინება, კილიანს მენეჯერთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რომელიც მას ყოველთვის უჭერდა მხარს.
მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.