მბაპესთვის ბრძოლაში ბარსელონაც ერთვება და შეთავაზებას ამზადებს — რას ფიქრობს თავად კილიანი?
"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ შესაძლოა "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს გადაბირება სცადოს.
გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ცნობით, კატალონიელები 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდებით არიან დაინტერესებულები.
გავრცელებული ინფორმაციით, მბაპე "ბლაუგრანას" უმალვე უარს არ შეუთვლის და მზად არის მისი წინადადება მოისმინოს. პირველ რიგში, კილიანს სპორტული პროექტის დონე აინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის პრიორიტეტული ვარიანტი კვლავ "რეალია".
"ბარსელონაში" ფიქრობენ, რომ მბაპეს ტრანსფერი უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე "დორტმუნდის" ლიდერ ერლინგ ჰოლანდის.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" აზრით, საფრანგეთის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელისთვის კონკურენტუნარიანი შეთავაზების გაკეთება შეუძლიათ, ცოტა ხნის წინ Goldman Sachs-ისგან აღებული კრედიტისა და Spotify-სთან გაფორმებული ხელშეკრულების წყალობით.
შეგახსენებთ, მბაპეს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და პარიზელებთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარს აცხადებს.