ავტორიზაცია

ვერატი ტიფოზებს: "თუ ჩვენთვის შეურაცხყოფის მოყენება გინდათ, გთხოვთ, ახალგაზრდებს არ შეეხოთ"

ვერატი ტიფოზებს: "თუ ჩვენთვის შეურაცხყოფის მოყენება გინდათ, გთხოვთ, ახალგაზრდებს არ შეეხოთ"
თარიღი: 27 მარ 2022, 17:39

იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ გულშემატკივრებს სთხოვა, რომ ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს შეურაცხყოფა არ მიაყენონ.

მოგეხსენებათ, რობერტო მანჩინის გუნდი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში ჩრდ. მაკედონიასთან (0:1) დამარცხდა და ზედიზედ მეორე მუნდიალს გამოტოვებს.

"როცა იმარჯვებ, მადლობის გადახდა მარტივია. დღეს ეს მინდა იმ მარცხის შემდეგ გავაკეთო, რომელმაც ყველაზე ცხელ და მიმზიდველ ტურნირზე მონაწილეობის შანსები წაგვართვა, არა მხოლოდ ფეხბურთელებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს გარშემო იტალიის ნაკრების გულშემატკივრებისთვისაც".

"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თანამშრომელს, ფეხბურთელსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ენთუზიაზმითა და მონდომებით მუშაობს ნაკრებისთვის. სამწუხაროდ, ფეხბურთსა და ცხოვრებაში ყველა მოლოდინი, მიზანი და ოცნება არ სრულდება".

"არა მგონია, შეურაცხყოფა ამასთან გამკლავების საუკეთესო საშუალება იყოს, რადგან თითოეული ჩვენგანი ბოლომდე დაიხარჯა, თუმცა ეს, საუბედუროდ, საკმარისი არ აღმოჩნდა".

"უპირველეს ყოვლისა, თუ ეს მაინც გინდათ, ახალგაზრდა ფეხბურთელებს არ შეეხოთ, ჩვენ, "მოხუცებს" მოგვაყენეთ შეურაცხყოფა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, თქვენნაირი ადამიანები ვართ, ჩვეულებრივი ადამიანები და ჩვენც შეგვიძლია განვიცადოთ წარმოუდგენელი ემოციები წვრილმანებშიც კი", - წერს ვერატი სოციალურ ქსელში.