"ფერგიუსონს გადაეცით, ჯოჯოხეთშიც წასულა", - რატომ იუარა 14 წლის რუნიმ მანჩესტერში გადასვლა?
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, უეინ რუნიმ განაცხადა, რომ 14 წლის ასაკში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა არ ისურვა.
"ევერტონის" აღზრდილს პრემიერ ლიგაში დებიუტი 2002 წელს, 16 წლის ასაკში ჰქონდა, 2004 წელს კი იგი "ეშმაკუნებმა" იყიდეს.
"სერ ალექს ფერგიუსონს ჩემი ყიდვა მაშინ უნდოდა, როცა ჯერ კიდევ 14 წლის ვიყავი. ჩემს მშობლებს დაუკავშირდა", - ციტირებს უეინის სიტყვებს The Sun-ი.
"მითხრეს: "ალექსმა დარეკა, "მანჩესტერ იუნაიტედს" შენი მიწვევა უნდა".
"მე კი ვუპასუხე: "გადაეცით, ჯოჯოხეთშიც წასულა. "ევერტონში" მინდა თამაში".
"გავიდა დრო და მივხვდი, რომ ფერგიუსონის ხელმძღვანელობის ქვეშ თამაში მსურდა. "იუნაიტედში" მის გამო გადავედი", - აღიარა რუნიმ.
შეგახსენებთ, უეინმა "ეშმაკუნებთან" ერთად 16 ტიტული მოიგო (2004-2017), ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის (5-ჯერ) ჩათვლით. იგი "იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია - 253 გოლი 559 მატჩში.