ბონუჩი: "მუნდიალზე მოხვედრის სისტემა აბსურდულია, ზოგი ნაკრები ჩემპიონატზე 4-5 მატჩის წაგების მიუხედავად მოხვდა"

ლეონარდო ბონუჩიმ იტალიის ნაკრების მუნდიალზე ვერ გასვლის შემდეგ, შესარჩევი ეტაპის სისტემა გააკრიტიკა.
„ყველაფერი ერთ მატჩში გადაწყდა, ეს სისტემა არის აბსურდული. სამწუხაროდ, ყველაფერი წარუმატებლად დასრულდა, თუმცა ეს უბრალოდ სიგიჟეა.
მუნდიალზე გასვლის შესარჩევი ჯგუფური ეტაპისგან შედგება, იქ წრიული სისტემაა, შემდეგ კი, ტურნირზე მოსახვედრად, ყველაფერი ერთ მატჩში უნდა გადაწყვიტო, სადაც, როგორც ვნახეთ, შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
არიან გუნდები, რომლებმაც მუნდიალზე 4-5 მატჩის წაგების მიუხედავადაც შეძლეს გასვლა. ჩვენ კი თამაშგარეში ვრჩებით, როცა წავაგეთ მხოლოდ ერთი თამაში, ისიც 92-ე წუთზე გაშვებული გოლის გამო, ნამდვილი სიგიჟეა.
ცხადია, ამ წესებით თავის გამართლებას არ ვცდილობთ, უკეთ უნდა გვეთამაშა. თუმცა, უნდა ვეცადოთ დავბრუნდეთ იქ, სადაც ვიყავით. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველა ეიფორიაში ვიყავით და ამან მუნდიალისაკენ მიმავალი გზა გადაგვიღობა.“ - აღნიშნა იტალიის ნაკრების მცველმა.