როდის გაიმართება 2022 წლის მუნდიალის კენჭისყრა და როგორ გადანაწილდებიან ქვეყნები კალათებში?
ცნობილი გახდა, თუ რომელი ნაკრებები იქნებიან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის პირველ კალათაში.
ასე და ამგვარად, პირველი კალათა შემდეგნაირად გამოიყურება: ყატარი (ტურნირის მასპინძელი), ბრაზილია, ბელგია, საფრანგეთი, არგენტინა, ინგლისი, ესპანეთი, პორტუგალია.
მეორე კალათაში გერმანია, ჰოლანდია, დანია, შვეიცარია და ურუგვაი არიან. ჯერ უცნობია, რომელი ნაკრები დაიკავებს ამ კალათაში დარჩენილ ადგილს. ეს ჩრდილოეთ ამერიკაში მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა. თუ მუნდიალზე აშშ და მექსიკა გავლენ, ორივე გუნდი მეორე კალათაში აღმოჩნდება.
მესამე კალათაში შემდეგი ქვეყნები არიან: სენეგალი, ირანი, კორეა, მაროკო, პოლონეთი, სერბეთი და იაპონია. შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში პანამასთან მოგების შემთხვევაში, მასში კანადა მოხვდება. თუ ეს არ მოხდება, მაშინ მესამე კალათაში ტუნისს ვიხილავთ, კანადას კი - მეოთხეში.
დაბოლოს, მეოთხე კალათა: განა, კამერუნი, საუდის არაბეთი და ეკვადორი. დარჩენილ ადგილებს ევროპისა (შოტლანდია, უკრაინა ან უელსი) და კონტინენტთაშორისი შესარჩევი ეტაპების ფლეი ოფების გამარჯვებულები დაიკავებენ.
ცნობისთვის, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 1 აპრილს გაიმართება.