ავტორიზაცია

ფეხბურთის ვარსკვლავები, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ

ფეხბურთის ვარსკვლავები, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვიხილავთ
თარიღი 30 მარ 2022, 21:53

მოჰამედ სალაჰი ამ სეზონში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მას მუნდიალის გარეშე მოუწევს ყოფნა. 

რომელი ვარსკვლავი  გამოტოვებს 4-წლეულის მთავარ მოვლენას? 

ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია)

გასული ზაფხული იტალიელი მეკარისთვის ძალიან დატვირთული იყო, ის ჯერ ევრო 2020-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, შემდეგ კი „პსჟ-ში“ მრავალმილიონიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი, თუმცა გაზაფხულის დასაწყისის სასწრაფოდ დავიწყება ნამდვილად ენდომება - მან ჯერ „რეალთან“ მატჩში დაუშვა სავალალო შეცდომა, შემდეგ კი თავის ნაკრებთან ერთად სენსაციურად ჩრდ.მაკედონიასთან დამარცხდა და „სკუადრა აძურა“ მუნდიალის გარეშე ზედიზედ მეორედ დარჩა.

მო სალაჰი (ეგვიპტე)

Controversy as Mo Salah and team-mates targeted with lasers during  shoot-out loss

„ლივერპულის“ ლიდერისთვის თანაკლუბელი სადიო მანე სანაკრებო დონეზე ნამდვილ ჭირად იქცა - მანემ და სენეგალმა სალაჰს ჯერ იანვარში აფრიკის თასი წაართვეს პენალტების სერიაში, შემდეგ კი, კვლავ პენალტების სერიაში, ეგვიპტე მუნდიალს მიღმა დატოვეს, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტელებმა პირველი მატჩი 1:0 მოიგეს.

თუ აფრიკის თასზე სალაჰის პენალტის შესრულების ჯერი არც დამდგარა, ახლა მან თავისი დარტყმა შეასრულა, თუმცა წარუმატებლად. 29 წლის მომოსთვის ეს წესით კარიერის პიკის მუნდიალი უნდა ყოფილიყო, თუმცა მას მისი ყურება ტელევიზორიდან მოუწევს. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოზე სალაჰმა სრული ძალებით ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული მხრის ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია)

პირადად 21 წლის თავდამსხმელს ნაკრებში სტატისტიკა ჩინებული აქვს - 17 მატჩში მან 15 გოლი გაიტანა, თუმცა უკანასკნელად ნორვეგიამ მუნდიალზე 1998 წელს ითამაშა და ჰოლანდი - ოდეგორის წყვილის იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავები ერთხელ მაინც მოახერხებენ მათი გუნდის მსოფლიოზე გაყვანას. თუმცა, ჯერჯერობით ეს დრო არ დამდგარა და ჰოლანდიც, სალაჰის და დონარუმას მსგავსად, მუნდიალს თვალს სახლიდან მიადევნებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)

„მილანის“ ვეტერანმა სანაკრებო კარიერა 2021 წელს განაახლა და მიზნად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ისახავდა, თუმცა, ტურნირი ტრავმის გამო გამოტოვა და თავის გუნდს დიდად ვერც მუნდიალის პლეი-ოფში დაეხმარა, რადგან პოლონეთთან მატჩში მოედანზე მხოლოდ 10 წუთი გაატარა და თანაც ისეთ დროს გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 0:2-ს აგებდა. 40 წლის ფეხბურთელმა ტრავმის ბოლომდე მოშუშება ვერ მოახერხა და სასტარტოში სათამაშოდ მზად არ იყო.

ლუის დიასი (კოლუმბია)

„ლივერპულის“ 25 წლის ახალწვეულმა ხამეს როდრიგესისგან კოლუმბიის მთავარი ვარსკვლავის სტატუსი გადაიბარა და გასულ კოპა ამერიკაზე ლეო მესისთან ერთად ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც იყო. თუმცა, თავის გუნდს მსოფლიოზე გასვლაში ვერ დაეხმარა, რამეთუ კოლუმბიამ ჯგუფში მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა.

რიად მაჰრეზი (ალჟირი)

მაჰრეზი - აფრიკის ყოფილი საუკეთესო ფეხბურთელი, მუნდიალთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა კამერუნმა მის ალჟირს გოლი კომპენსირებულ დროში გაუტანა და საგზური ჯიბიდან ამოაცალა. „მან სიტის“ ვარსკვლავს კიდევ 4 წლის მოცდა მოუწევს, რათა მსოფლიოზე მეორედ ითამაშოს, პირველად მან ეს 2014 წელს გააკეთა, როცა 23 წლის ასაკში, პირველ მატჩში ბელგიას დაუპირისპირდა.

იან ობლაკი (სლოვენია)

Slovenian manager sacked after criticising Jan Oblak - AS.com

ბევრისთვის, ობლაკი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა, თუმცა ამ სეზონში ობლაკის თამაში კლუბშიც იდეალურისგან შორსაა. ითამაშებს თუ არა ის ოდესმე მუნდიალზე? სლოვენიამ უკანასკნელად ამ ტურნირზე მოხვედრა 2010 წელს შეძლო, ახლა კი ჯგუფში მეოთხე ადგილზე გავიდა. 29 წლის ობლაკს როგორც მინიმუმ კიდევ ერთი მსოფლიოს ჩატარების შანსი ნამდვილად უნდა ჰქონდეს.