პსჟ-ში მესისა და ნეიმარის მომავალი ბურუსითაა მოცული — L'Equipe
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელებმა, ლიონელ მესიმ და ნეიმარმა მომავალ ზაფხულს შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალონ.
როგორც Le10sport-ი იტყობინება, L’Equipe-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, პარიზელთა ხელმძღვანელობა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მარცხით იმედგაცრუებულია და კლუბში არსებული სიტუაციის გაანალიზებას გეგმავს.
სავარაუდოდ, "პსჟ"ს დატოვებენ გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო და სპორტული დირექტორი, ლეონარდო, თუმცა შესაძლებელია ცვლილებები შემადგენლობაშიც.
ამ კონტექსტში არ არის გამორიცხული მესისა და ნეიმარის წასვლაც, რომელთა თამაშმაც მოლოდინი ვერ გაამართლა, მაგრამ მათი გაყიდვა ძალიან რთული იქნება და ალბათ, ხელმძღვანელობას ურჩევნია, რომ ყატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ასეთი ნაბიჯებისგან თავი შეიკავოს.
არგენტინელი და ბრაზილიელი სუპერვარსკვლავები შეიძლება MLS-ში გაყიდონ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორივე დარჩება გუნდში, კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის აპირებენ უფრო მეტი დროის მიცემას.
მიმდინარე სეზონში 34 წლის მესიმ ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს ღირსება 26 მატჩში დაიცვა, 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 30 წლის ნეიმარმა 21 შეხვედრაში მეტოქის კარი 5-ჯერ აიღო და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა.