ლევანდოვსკის ბარსაში უნდა! — ბაიერნი დიდ ფულს ითხოვს, ტრანსფერში შესაძლოა ფეხბურთელი(ები) ჩართონ
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლა უნდა.
33 წლის პოლონელი მზად არის "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" კონტრაქტი გააფორმოს და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს, რის შესახებაც თავის გარემოცვას უკვე აცნობა.
როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი წერს, ლევანდოვსკი დარწმუნებულია, რომ მიუნხენში მისი ციკლი დასრულებულია და ესპანეთში თამაში სურს.
ეს ინფორმაცია "ბარსამდეც" მივიდა და ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო, მაგრამ გარიგების დახურვას იმ შემთხვევაში ეცდება, თუ კატალონიელებს "დორტმუნდის" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი უარს ეტყვის.
პოლონეთის ნაკრების კაპიტანს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, კლუბი თავის ლიდერს 65 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.
ფასის დაკლება ტრანსფერში სხვა ფეხბურთელის ან ფეხბურთელების ჩართვითაა შესაძლებელი. მაგალითად, გერმანელებს მარჯვენა მცველი, სერჟინიო დესტი მოსწონთ.
"ბარსელონას" ლევანდოვსკისთვის გრძელვადიანი კონტრაქტის შეთავაზება მოუწევს - რობერტს მინიმუმ 2-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება უნდა.
მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 45 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასიც გააკეთა.