ავტორიზაცია

"კომანმა არ იცოდა, რომ მოედანი მას უნდა დაეტოვებინა", - რატომ აღმოჩნდა ბაიერნი მინდორზე 12 ფეხბურთელით?

"კომანმა არ იცოდა, რომ მოედანი მას უნდა დაეტოვებინა", - რატომ აღმოჩნდა ბაიერნი მინდორზე 12 ფეხბურთელით?
თარიღი 03 Apr 2022, 13:59

"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი ბუნდესლიგის 28-ე ტურში "ფრაიბურგთან" (4:1) გამართულ შეხვედრაში დაფიქსირებულ უცნაურ ეპიზოდს გამოეხმაურა.

შეხვედრის 85-ე წუთზე კინგსლი კომანი მარსელ ზაბიტცერით შეცვალეს, კორენტინ ტოლისო კი - ნიკლას სულეთი. ამის შემდეგ, მატჩი ჩვეულებრივად გაგრძელდა.

ერთ წუთში, მთავარმა არბიტრმა, კრისტიან დინგერტმა სასტვენი გააჟღერა და თამაში შეაჩერა. ფეხბურთელებმა ვერაფერი გაიგეს და არბიტრთან მივარდნენ სიტუაციის გასარკვევად. მსაჯმა მათ აუხსნა, რომ მთელი 16 წამის მანძილზე, მოედანზე "ბაიერნის" 12 ფეხბურთელი იმყოფებოდა.

"სარეზერვო მსაჯმა არასწორი ნომერი აჩვენა და კინგმა (კომანი) არ იცოდა, რომ მოედანი მას უნდა დაეტოვებინა. ვფიქრობ, ასე სადღაც 8-9 წამი ვითამაშეთ. ცოტა უცნაური ეპიზოდი იყო, მაგრამ არაფერზე უმოქმედია".

"გულშემატკივრები ამას განიხილავენ, რაც ნორმალურია. ვიცი, ვინ არის დამნაშავე, მაგრამ არ დავასახელებ და თქვენ, ჟურნალისტებს მოგცემთ ამის უფლებას. მიხარია, რომ მოვიგეთ", - ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს ESPN-ი.