RMC Sport: რამოსს საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს
"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალური მცველი, სერხიო რამოსი უახლოეს მომავალში სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს.
როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი წერს, 36 წლის ესპანელი ამ სეზონში გამოტოვებული უამრავი მატჩის გამო იმედგაცრუებულია და ესმის, მოლოდინი ვერ გაამართლა.
გამოცდილი უკანახაზელის ახლობლების თქმით, ფეხბურთელს სურს დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია ტიტულების მოგება, ამიტომაც პარიზში დარჩენა უნდა.
როგორც აღინიშნება, რამოსის ლიდერულ თვისებებსა და მონდომებას თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბი ძალიან აფასებენ. "პსჟ" სერხიოსთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას განიხილავს და ისეთი გამოსავალის პოვნას ეცდება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.
ცნობისთვის, პარიზელთა მცველს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება.