"შესაძლოა, პსჟ-ში დავრჩე", - კილიან მბაპეს ხმაურიანი განცხადება საკუთარ მომავალზე
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ლიგა 1-ის 30-ე ტურში "ლორიანთან" (5:1) გამართული გუშინდელი მატჩის შემდეგ საკუთარ მომავალზე განცხადება გააკეთა.
23 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, რომელმაც დუბლი შეასრულა და სამი საგოლე პასიც მიითვალა - ორჯერ ნეიმარს გაატანინა, ერთხელ კი ლიონელ მესის.
მოგეხსენებათ, პარიზელთა ლიდერს ზაფხულში მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება და შესაძლოა, თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის "რეალში" გადავიდეს.
"მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიმიღია, ეს ყველამ იცის. წინადადებებს განვიხილავ, ახალი მონაცემები გამოჩნდა, ბევრი სხვა პარამეტრი. გადაწყვეტილება რომ მიმეღო, უკვე გამოცხადებული მექნებოდა".
"შეიძლება თუ არა, რომ "პსჟ"-ში დავრჩე? დიახ, რა თქმა უნდა", - ციტირებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო მბაპეს სიტყვებს.
მიმდინარე სეზონში კილიანმა ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.