ავტორიზაცია

"მესი ახლა "ტყის ბაბუაა", - პოლონელი ლეგენდის მწვავე კრიტიკა მუნდიალის წილისყრის შემდეგ

"მესი ახლა "ტყის ბაბუაა", - პოლონელი ლეგენდის მწვავე კრიტიკა მუნდიალის წილისყრის შემდეგ
თარიღი 04 აპრ 2022, 19:34

ყოფილმა პოლონელმა მწვრთნელმა და სენატორმა, ანტონი პეხნიჩეკმა "პსჟ"-ს არგენტინელ სუპერვარსკვლავს, ლიოენლ მესის "ტყის ბაბუა" უწოდა.

– მოუთმენლად ელით ლიონელ მესისა და რობერტ ლევანდოვსკის დაპირისპირებას?

"რა თქმა უნდა, ძალიან მაინტერესებს. თუმცა, უნდა ვაღიარო, ჩემთვის ეს თამაში უფრო საინტერესო იქნებოდა, ლიონელ მესი 5-6 წლით უმცროსი რომ იყოს. ან თუნდაც, რობერტ ლევანდოვსკის (33 წლის) თანატოლი".

"შეგვიძლია ასეთი მეტოქეობით შთაგონებულები ვიყოთ, მაგრამ მოდით, გულახდილად ვთქვათ... მესი ახლა "ტყის ბაბუაა". აღარ არის ის ფეხბურთელი, ვინც რამდენიმე წლის წინ გახლდათ. ჯერჯერობით უცნობია, რა როლს ითამაშებს ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე".

"შესაძლოა, მწვრთნელმა მესის თადარიგში დატოვება გადაწყვიტოს, თუ ისეთ ფორმაში იქნება, როგორშიც ახლაა. იმისათვის, რათა არგენტინის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელები არ გააღიზიანოს, შეუძლია ის როლი შეასრულოს, რომელსაც შვედეთის ნაკრებში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ასრულებს და მოედანზე ბოლო 15-20 წუთით მოგვევლინოს".

"რა თქმა უნდა, მესის ბრწყინვალე ტურნირის ჩატარებაც შეუძლია. არ ვიცი, მაგრამ ეს ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს, რადგან ფეხბურთში სიურპრიზები შესაძლებელია. მაგრამ ახლა, როცა "პსჟ"-ში მის თამაშს ვუყურებ, შემიძლია ვთქვა, რომ ის მესი აღარ არის, ვინც იყო".

"მაგრამ უნდა გვახსოვდეს, თითქმის ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელი ისურვებდა კარიერის მანძილზე მესივით თამაშს", - თქვა პეხნიჩეკმა, რომლის ხელმძღვანელობითაც პოლონეთის ნაკრებმა 1982 წლის მუნდიალზე მე-3 ადგილი დაიკავა.

პოლონური იდიომი "leśny dziadek" ("ტყის ბაბუა") აღწერს ხანდაზმულ ადამიანს, რომელიც თავის საქმიანობაში მოძველებულ მიდგომებს და წარსულში ჩარჩენილ შეხედულებებს ეყრდნობა.

შეგახსენებთ, პოლონეთისა და არგენტინის ნაკრებები ერთმანეთს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან.