ავტორიზაცია

ლივერპულს სალაჰის შემცვლელად გნაბრი სურს, თუმცა ორი სერიოზული კონკურენტი ჰყავს — GOAL.COM

ლივერპულს სალაჰის შემცვლელად გნაბრი სურს, თუმცა ორი სერიოზული კონკურენტი ჰყავს — GOAL.COM
თარიღი 04 აპრ 2022, 19:52

"ბაიერნის" თავდამსხმელ სერჟ გნაბრის მიმართ ინტერესს "რეალი", "ლივერპული" და "იუვენტუსი" იჩენენ, წერს Goal.com-ი.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა წერს, მიუნხენური გრანდი 26 წლის გერმანელთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ცდილობს, თუმცა მხარეები კომპრომისის მიღწევას ჯერ ვერ ახერხებენ.

"რეკორდმაისტერში" ესმით, რომ თუ გნაბრის შენარჩუნება სურთ, გუნდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად უნდა აქციონ. ამჟამად იგი წლიურად 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

სერჟის გარშემო შექმნილი გაურკვევლობის ფონზე, რომელსაც "ბაიერნთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, მისით დაინტერესებული ევროპული ტოპ კლუბები გააქტიურდნენ.

გარემარბის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა "რეალი". მადრიდული გრანდი ბოლო ხუთი წელიწადია გნაბრის თამაშს ყურადღებით აკვირდება. როგორც აღინიშნება, სერჟი "ბლანკოსის" მცველის, დავიდ ალაბას ახლო მეგობარია. აქამდე გავრცელებული ცნობით, ავსტრიელი ხელმძღვანელობას გნაბრის შეძენას ურჩევს.

გარდა "რეალისა", ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან "ლივერპული" და "იუვენტუსიც".

ინგლისური გრანდი გნაბრიში მო სალაჰის პოტენციურ შემცვლელს ხედავს, ამ უკანასკნელსაც 2023 წლის ზაფხულში ეწურება ხელშეკრულების ვადა. მხარეები ახალ კონტრაქტს ჯერ ვერ ათანხმებენ. მერსისაიდელთა მწვრთნელი, იურგენ კლოპი გნაბრის ტალანტის დიდი თაყვანისმცემელია.

"იუვენტუსმა" გერმანელზე ყურადღება გაამახვილა, რადგან ბაზარზე იმ ფეხბურთელებს ეძებს, რომლებიც თავისუფალი აგენტის სტატუსთან ახლოს არიან. შესაძლოა, ტურინულმა გრანდმა "ბაიერნთან" გნაბრის არენდის შეთანხმება სცადოს, როცა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.

მიმდინარე სეზონში მარჯვენა გარემარბმა ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასიც მიითვალა.