ავტორიზაცია

სალაჰი გამოირიცხა — ბარსელონას ინტერესთა სფეროში ორი ტოპ დონის თავდამსხმელი რჩება

სალაჰი გამოირიცხა — ბარსელონას ინტერესთა სფეროში ორი ტოპ დონის თავდამსხმელი რჩება
თარიღი 04 აპრ 2022, 20:22

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპულის" გარემარბს, მოჰამედ სალაჰს არ იყიდის.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება, 29 წლის ეგვიპტელმა მაღალი ხელფასი მოითხოვა, რის გამოც კატალონიურმა გრანდმა მის მიწვევაზე უარი თქვა. სალაჰს "ბარსასგან" 5-წლიან კონტრაქტი და სეზონში დაახლოებით 17 მილიონ ევროიანი ხელფასი სურდა.

მო მოთხოვნების შემცირებას არ აპირებდა, ამიტომაც "ბლაუგრანამ" გარიგება გამორიცხა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას იგი ძალიან ესიმპათიურება.

სალაჰის ტრანსფერის გაჩარხვა რთული იქნებოდა, რადგან "ბარსელონას" "ლივერპულთანაც" მოუწევდა კომპრომისის მიღწევა, რომელიც აფრიკელში არანაკლებ 70 მილიონ ევროს მოითხოვს.

ამ მიზეზების გამო, "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ერლინგ ჰოლანდსა ("დორტმუნდი") და რობერტ ლევანდოვსკიზე ("ბაიერნი") გადაიტანა ყურადღება.

21 წლის ნორვეგიელის "ბარსაში" ტრანსფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია, რადგან აგენტი, მინო რაიოლა და მამამისი შეიძლება საკომისიოს შემცირებას დათანხმდნენ. ლევანდოვსკის შეძენაც რეალურია, რადგან პოლონელს კატალონიაში გადაბარგება უნდა, მისი ტრანსფერი კი იმაზე იაფი დაჯდება, ვიდრე ჰოლანდის ან სალაჰის.

ლევანდოვსკი, რომელსაც ზაფხულში 34 წელი უსრულდება, "ბარსასთვის" შეტევის ხაზის გასაძლიერებლად მოკლევადიანი გამოსავალი იქნება. რობერტმა შესაძლოა "2+1" სქემიანი კონტრაქტი გააფორმოს.

კლუბთან დაახლოებული წყაროების ცნობით, "ბაიერნის" ფორვარდზე დადებითი გამოხმაურებებია. მას "შესანიშნავ პროფესიონალს" უწოდებენ, რომელიც "ძალიან ზრუნავს საკუთარ თავზე" და კიდევ "სამი წელიწადი შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში, როგორც მინიმუმ".