ავტორიზაცია

"ასეთ რთულ მომენტებში ემოციებთან გამკლავება რთულია", - რონალდუმ პატარა გულშემატკივარს მოუბოდიშა

"ასეთ რთულ მომენტებში ემოციებთან გამკლავება რთულია", - რონალდუმ პატარა გულშემატკივარს მოუბოდიშა
თარიღი 10 აპრ 2022, 15:01

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ პრემიერ ლიგის 32-ე ტურში "ევერტონთან" (0:1) გამართული მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა.

გასახდელისკენ მიმავალმა და წაგებით განრისხებულმა პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა "კანფეტების" პატარა გულშემატკივარს ტელეფონი დაუმსხვრია.

როგორც გაირკვა, ეს ბიჭი 14 წლის ჯეი ჰარდინგია, რომელიც აუტიზმითაა დაავადებული. დედამისის თქმით, ბიჭს ხელზე სისხლჩაქცევა აღენიშნება.

"ასეთ რთულ მომენტებში ემოციებთან გამკლავება ყოველთვის რთულია. თუმცა, პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ, მომთმენნი ვიყოთ და მაგალითი მივცეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჩვენი ლამაზი თამაში უყვართ".

"მინდა, ბოდიში მოვიხადო ჩემი გამოხტომისთვის და თუ შესაძლებელია, კეთილსინდისიერებისა და სპორტული პრინციპების ნიშნად, ეს გულშემატკივარი "ოლდ ტრაფორდზე" გასამართ მატჩზე მოვიწვიო", - წერს რონალდუ სოციალურ ქსელში.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდის პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, განცხადებაში ნათქვამია:

"მერსისაიდის პოლიცია ადასტურებს, რომ "ევეტონისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს. მომხდარის ყველა მონაწილეს დავკითხავთ".