ავტორიზაცია

ESPN: ტენ ჰაგმა მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობას სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა

ESPN: ტენ ჰაგმა მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობას სასურველი ფეხბურთელი დაუსახელა
თარიღი 15 აპრ 2022, 14:46

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა "მონაკოს" ნახევარმცველი, ორელიენ ტჩუამენი იყიდოს.

როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN-ი იტყობინება, 22 წლის ფრანგის შეძენით ერიკ ტენ ჰაგია დაინტერესებული, რომელიც დიდი ალბათობით მანიკუნიანელთა ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.

მოგეხსენებათ, ჰოლანდიელი სპეციალისტი ამჟამად "აიაქსს" უდგას სათავეში, თუმცა ბოლო პერიოდში არსებული ცნობების თანახმად, მომავალი სეზონიდან "ემიუს" უხელმძღვანელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, "მონაკო" მოლაპარაკებების გასამართად მზად არის და ახალგაზრდა ფეხბურთელში 60-70 მილიონ ევროს მოითხოვს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" სერიოზული კონკურენტი ჰყავს - ტჩუამენის ხელში ჩაგდება მადრიდის "რეალსაც" სურს და ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

ორელიენს მონაკოელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.