ავტორიზაცია

რას ფიქრობს ტენ ჰაგი რონალდუს შესახებ და აპირებს თუ არა მანჩესტერიდან მის გაშვებას?

რას ფიქრობს ტენ ჰაგი რონალდუს შესახებ და აპირებს თუ არა მანჩესტერიდან მის გაშვებას?
თარიღი 17 აპრ 2022, 12:28

"მანჩესტერ იუნაიტედში" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს მომავალი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგზეა დამოკიდებული.

ამ კვირაში ჰოლანდიელი სპეციალისტი, რომელიც ამჟამად "აიაქსს" უდგას სათავეში, "ეშმაკუნებთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

სავარაუდოდ, ტენ ჰაგის შტაბში შევა მიტჩელ ვან დერ გაგი, ვისთან ერთადაც ამსტერდამულ კლუბში მუშაობდა. გარდა ამისა, 52 წლის სპეციალისტს ასისტენტად ის სურს, ვინც "იუნაიტედს" კარგად იცნობს. აქამდე, ამ როლისთვის მან რობინ ვან პერსიზე თქვა უარი. განიხილება რენე მელენსტენისა და სტივ მაკლარენის კანდიდატურებიც.

როგორც ცნობილი ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი წერს, ტენ ჰაგი რონალდუს მომავალზე გადაწყვეტილების მიღებაში მიიღებს მონაწილეობას, ამ უკანასკნელს "ემიუსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

მიუხედავად გუშინ შესრულებული ჰეთ-თრიქისა, კლუბში არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ კრიშტიანუ გასაშვებია, რადგან პრესინგთან დაკავშირებით ტენ ჰაგის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. თავად მწვრთნელს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, სურს თუ არა გუნდში კრიშტიანუს ხილვა.

აღინიშნება, რომ რონალდუს რთული ხასიათი "ემიუს" ყველა ფეხბურთელს არ მოსწონს.

მიმდინარე სეზონში 37 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ყველა  ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა.