ავტორიზაცია

პერესმა და ანჩელოტიმ შეხვედრა გამართეს – როგორი იქნება რეალის სატრანსფერო ზაფხული?

პერესმა და ანჩელოტიმ შეხვედრა გამართეს – როგორი იქნება რეალის სატრანსფერო ზაფხული?
თარიღი 17 აპრ 2022, 12:54

"რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა და მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მადრიდული გუნდის მომავალი განიხილეს.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca წერს, "ბლანკოსის" დამრიგებელს ხელმძღვანელობასთან მუდმივი კონტაქტი აქვს. პარასკევს ანჩელოტისა და პერესის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ - "რეალს" გაძლიერება სჭირდება, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა მწვრთნელს განუცხადა, რომ ეს მხოლოდ ფეხბურთელების გაყიდვის ხარჯზეა შესაძლებელი.

"სამეფო კლუბი" რამდენიმე მოთამაშის გასხვისებაში დარწმუნებულია, ამასთან ერთად მარსელოს, გარეტ ბეილისა და ისკოს წასვლით კი კლუბი ტრანსფერებისთვის 75-100 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

"რეალი" "მონაკოს" ჩამშლელ ორელიენ ტჩუამენით ინტერესდება, მაგრამ კლუბს სურს ისე იმოქმედოს, როგორც "რენიდან" გადმობირებული ედუარდო კამავინგას შემთხვევაში. მადრიდელებმა ფრანგი 30 აგვისტოს იყიდეს - სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს.

"რეალი" აკადემიის აღზრდილების სჯერა - ანტონიო ბლანკო, რაფა მარინი, ბრუნო იგლესიასი, ალექს ხიმენესი და მარველი უკვე პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. თუმცა, სამწვრთნელო შტაბს უნდა, რომ კლუბმა ახალი ცენტრალური მცველი დაიმატოს.

გარდა ამისა, განიხილეს "პსჟ"-დან კილიან მბაპეს დამატებაც - როგორც მადრიდში თვლიან, ეს დროის საკითხია.