"არ გვქონდა შეგრძნება, რომ სახლში ვთამაშობდით, საშინელი საღამო იყო", - ხავი აინტრახტთან მატჩზე
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, „აინტრახტთან“ ევროპა ლიგის საშინაო მარცხი გულშემატკივრებს დააბრალა.
„კამპ ნოუზე“ გამართულ მეოთხედფინალურ შეხვედრას „აინტრახტის“ 30 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო, რომლებმაც ბილეთები გადამყიდველებისგან შეიძინეს. ამის გამო, „ბარსამ“ ევროტურნირებზე ბილეთების გაყიდვის წესი შეცვალა და ამიერიდან, მოედანზე მხოლოდ სახელიანი ბილეთების მქონე ხალხს შეუშვებენ.
„ფეხბრუთელებს არ ჰქონდათ შეგრძნება, რომ სახლში თამაშობდნენ. ეს არ არის თავის მართლება, მაგრამ ატმოსფერომ ჩვენზე იმოქმედა, არაკომფორტულად ვიყავით.
როგორც კი სასტუმროს წინ ავტობუსში ჩავსჯექით, ცუდი შეგრძნება მქონდა, არ მეჩვენებოდა, რომ სახლში ვთამაშობდით.
ჩვენ სხვადასხვა ნივთებს გვესროდნენ, ფეხბურთელებს გვირაბში შესვლაც კი არ შეეძლოთ. პირველ წუთებზე კი მეტოქემ პენალტიც მოიპოვა.
ეს ყველა თვალსაზრისით საშინელი საღამო იყო, რომელიც ცუდად დაიწყო და ცუდადვე დასრულდა. გვაქვს შეგრძნება, რომ საკუთარ სახლში გაგვძარცვეს.
რაღაც მომენტში კლუბი მომხდარს ახსნის, ან შემდეგში მაინც არ დაუშვებს მსგავს რაღაცას. ეს კლუბის შეცდომაა, ცალსახად.“ - აღნიშნა ხავიმ.